ინტერვიუ მხატვრებთან - ნანი და ჯოზე თოდუებთან

ვრცელი ტექსტი

მხატვარი დები - ნანი (როგნეტა) და ჯოზეფინა თოდუები მრავალგზის ყოფილან ჩემი რესპოდენტები. იმდენად ,,ცნობადი სახეებიც " არიან, ძნელია , მკითხველს რამე ახალი უთხრა მათზე ... თუმცა , როცა პირველი რესპონდენტის შერჩევაზე მიდგა საქმე, არჩევანი მაინც მათზე გავაკეთე. ჯერ ერთი , მინდოდა, აუცილებლად მხატვრებით და სამხატვრო გალერიით დამეწყო. მეორეც, ქალი მხატვარი სულ რამდენიმე გვყავს ზუგდიდში, აი, ხატმწერები კი - ალბათ, მხოლოდ ესენი... და, ბოლოს , მარტი ქალების თვეა.... ამ თვეს სულ ხელოვანი ქალები უნდა გაგაცნოთ და კაცებმა არ მითხრათ, გენდერული ბალანსი ირღვევაო... - ტყუპები არ ხართ, თუმცა მთელი ცხოვრება, თითქმის, სულ ერთად მოდიხართ... ჟოზეფინა : - მე უფროსი ვარ, თუმცა ხატვა პირველმა ნანიმ დაიწყო და გადაწყვიტა ამ განხრით მიეღო განათლება. მე მედიცინის სფეროზე მქონდა აქცენტი, მაგრამ ნანიმ თავისი სურვილი სახადივით გადმომდო. ხატვაც დავიწყე და ერთადაც ჩავაბარეთ თოიძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმ. ( შემდეგ ეს სასწავლებელი ჩვენმა ნაბოლარა ძმამაც დაამთავრა). ხატვამ, ხელოვნებამ ,,დაგვატყუპა“ დები და ასე, ერთად მოვდივართ, მართლაც მთელი ცხოვრება. - რამდენადაც ვიცი, პროფესიით თეატრის გრიმიორები ხართ, თუმცა სულ სხვა ჟანრში მუშაობთ. ნანი: -სწორია. დავამთავრეთ გრიმიორის კვალიფიკაციით, მაგრამ ძირითადად ფერწერაში ვმუშაობთ. ბოლო 10- 15 წელია, მამა ამბროსის ( თორდიას) კურთხევით ხატებს ვწერთ. მოქარგული მაქვს 20-ზე მეტი ხატი. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა. ზოგიერთ ხატზე წელიწადზე მეტ ხანსაც კი მიმუშავია. ჟოზეფინა: - ტექნიკუმში ჩარიცხვის შემდეგ, მხატვარ-გრიმიორთა ჯგფუფში მოვხვდით. შემდეგ კი შეგვეძლო ფერწერაზე გადასვლა, მაგრამ გრიმიორის ჯგუფზე სწავლა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩდა. ფერწერაზე გრიმის გაკეთების ხელოვნებას არ ასწავლიდნენ. სამაგიეროდ , ჩვენ ვსწავლობდით სახვითი ხელოვნების ყველა ჟანრს ( ფერწერას, გრაფიკას, ბუტაფორიას)... პრაქტიკებს გავდიოდით რუსთაველის თეატრსა და აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში. ჩვენი ოსტატი იყო ძალიან საინტერესო პიროვნება, გრიმიორი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული - სერგო ისაბეგოვი ეს პერიოდი ცალკე სასიამოვნო ეპიზოდი იყო ჩვენ სტუდენტურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ხატწერას , ესეც ნანიმ დაიწყო პირველმა. - ჟანრობრივად ერთნაირს ქმნით, თუმცა სხვადასხვანაირად. ანუ , სტილი განსხვავებული გაქვთ. რა აყალიბებს სტილს - ხედვა , გემოვნება , თუ ხასიათი? ნანი: - სტილი ამ სამივეს ერთობლიობაა, პლუს გამომსახველობითი ტექნიკის ფლობა. ( ხაზები, ფერების გადასვლა, შუქ-ჩრდილები)... - გამოდის სხვადასხვა გემოვნება, ხედვა და ხასიათი გაქვთ? ჟოზე: - ჩრდილიც კი ზუსტად არ იმეორებს თავის ობიექტს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ხასიათები, აღქმა, გემოვნება, ხედვა და შეხედულებები გვაქვს სამყაროზეც და ხელოვნებაზეც. პლუს- მინუსი ვართ და ერთმანეთს ვავსებთ, ასე მგონია. ადამიანი სტილია. პირიქითაც შეიძლება ითქვას, - სტილი - ადამიანია. აქედან გამომდინარე , ჩვენი შემოქმედება სტილის თვალსაზრისით, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. _ სამმა დედმამიშვილმა მიიღეთ სამხატვრო განათლება. გენეტიკურად გადმოგეცათ მხატვრობის ნიჭი? ნანი: _ შორეულ წინაპრებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მყავს მამიდაშვილი - თინიკო ზარანდია, რომელიც ამჟამად სანკ პეტერბურგში ცხოვრობს და საკმაოდ ცნობილი მხატვარია. ჩვენი პირველი ხატვის მასწავლებელი, შეიძლება ითქვას, რომ ის იყო. რაც შეეხება ქარგვა- ქსოვას, დედას ემარჯვებოდა და ბავშობაშივე გაგვწაფა გოგონები. მესამე დაც გვყავს, რომელიც ძალიან კარგად კერავს, ქსოვს და ქარგავს. სხვათაშორის, დედაჩემის მოქარგული ბალიშისპირები ახლაც მოგვეძებნება სახლში. - ბევრი ნამუშევარი გაქვთ? ნანი: - საკმაოდ, თუმცა ძალიან ბევრი გვაქვს გაყიდული. არეულობის წლებში, ფაქტიურად, ამ შემოსავლით ვცხოვრობდით. ჩვენებურებს ვის ჰქონდა, იმ წლებში, ნახატების შესაძენი ფული. ძირითადად უცხოელები ყიდულობდნენ. გული მწყდება, რომ ალბათ ვერასდროს ვნახავ ამ ტილოებს. - პერსონალური გამოფენები თუ გქონიათ, ან თუ გაქვთ გეგმაში? ნანი: - სტუდენტური წლების მერე არა. თუმცა ხშირად , თითქმის ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას ზუგდიდელ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში, საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ნამუშევრები - ფერწერაც და ნაქარგებიც , სხვა ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრებთან ერთად, საფრანგეთშიც იყო გამოფენილი მთელი ორი წელი. პერსონალურ გამოფენას რა ვიცი, რატომღაც დღემდე თავი ვერ მოვაბით... - ვფიქრობ, ზედმეტად მოკრძალებული და თავმდაბლები ხართ. ალბათ , ამიტომ ვერ გადაწყვიტეთ?! მოკრძალებულობა ზოგჯერ ხელიშემშლელი ხომ არაა წარმატებებში? ჟოზე: - იქნებ ასეცაა. ზოგჯერ, თუ არ ხმაურობ და საკუთარ თავს აფიშირებას არ უკეთებ წამდაუწუმ, არაფრის გამკეთებელი ჰგონიხართ... ორივე და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ვართ, ჩვენი ბიოგრაფია შეტანილია მხატვართა კავშირის მიერ გამოცემულ წიგნში ,,ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“, რომელიც გამოიცა ბატონ გოგი ოჩიაურის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობის დროს. ასევე შესულები ვართ წიგნ- მატიანეში-,,სამეგრელოო ჩემო"" რომლის ავტორ - გამომცემელია ცნობილი ჟურნალისტი -ლეილა ლემონჯავა ხოშტარია და რომლის თანაავტორიც თქვენ ბრზანდებოდით. სწორედ თქვენ მუშაობდით ამ წიგნში ამგდარი ხელოვანების ღვაწლის წარმოჩენაზე... ნანის დაწერილი წმინდა გერასიმესა და ვლაქერნის რვთისმშობლის ხატები ,,სვეტიცხოველშია“ დაბრძანებული. მოკლედ, საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით კი ვცხოვრობთ, თუმცა შეიძლება , ჩვენი მოკრძალებულობის წყალობით, ეს ასე არ ჩანს შორიდან... - როგორ ფიქრობთ, საუკეთესო ნამუშევარი უკვე შექმენით, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ ,,ტილოზე, რომელიც შედევრი უნდა გახდეს?“ ნანი: - მხატვარი მაშინ კვდება, როცა შემოქმედებით ძიებას მიატოვებს და შექმნილით კმაყოფილებას მიეცემა. მართლა მაქვს ისეთი ნამუშევრები, რომლებიც მომწონს და რომელზედაც ვფიქრობ, რომ ურიგოდ არ გამომივიდა, თუმცა მინდა, უკეთესად და უკეთესები დავხატო - პერიფერია და მხატვარი ... კარგია თუ ცუდი აქ თქვენთვის? ჟოზე: - ფიროსმანი მირზაანშიც ფიროსმანი იქნებოდა. მხატვარი ყველგან დახატავს, ოღონდ უნდა ჰქონდეს პირობები საკუთარი ნიჭის რეალიზაციისთვის . მოგზაურობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, თვალსაწიერის გაფართოების საშუალება. .. ნანი : - სწავლის დამთავრების შემდეგ, თბილისში დარჩენის შანსი გვქონდა, თმცა უარი ვთქვით და მშობლიურ ქალაქში დავბრუნდით. დიდი ქალაქი კარგია, თავისუფლება და დროც მეტი გაქვს, საკუთარ თავზე სამუშაოდ, თუმცა ძალიან დიდი თუ არ ხარ, შეიძლება ჩაგყლაპოს კიდეც... თან აქ ისეთი ბუნებაა - ზღვა, მთა, ბარი, როგორ შეიძლება ხელოვანმა, თანაც მხატვარმა ამ ყველაფერზე უარი თქვას... - პერიფერიაში მხატვარი " სულიერ შიმშილს “ არ გრძნობს ? - სულ ერთი გალერეაა ამ ქალაქში... ნანი : ფიროსმანმა სარდაფში შექმნა მსოფლიო შედევრები... ხომ გახსოვთ, დიდ სამოვართან თავმოყრილი მხატვრები და ხელოვნებაზე საუბრები ენატრებოდა. დღეს ტექნიკის წყალობით შეგიძლია, დისტანციურად მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო გალერეები დაათვალიეროთ, იმოგზაუროთ წარსულში, მოისმინოთ ლექციები ხელოვნებაში და ასე შემდეგ. ვფიქრობ, დედაქალაქი ცოტა უნდა განიტვირთოს... პერიფერიებშიც შეიძლება კარგად, გემოვნებიანად საქმის გაკეთება. - და, ბოლო შეკითხვა. ელენე ახვლედიანი ამბობს ერთგან. მე ვხატე, ჩემმა ქმარმა მიყურა, მე ასე გავაგრძელე ხატვა... მიყურა, მიყურა და... წავიდა ბოლოსო. სიყვარული განზე ხატვის გამო ხომ არ დაგრჩათ ? ჟოზე : - უსიყვარულოდ ვერაფერს შექმნი. ხელოვნებაა თვით სიყვარული. ოჯახი თუ იგულისხმეთ, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს კანონი ხომ არაა. ძალიან ბევრ მხატვარს მშვენიერი ოჯახი აქვს. ნანი : - უფალმა ყველაზე უკეთ უწყის, ვისთვის რა სჯობია. ჟოზემ სწორად გითხრათ, უსიყვარულო, ბოღმიანი ადამიანი ვერაფერს შექმნის. ფარსმან სპარსი არ გაგახსენდათ ? უნიჭო არ იყო, მაგრამ უსამშობლობასა და უთვისტომოს, არა ააგებინა კონსტანტინემ უფლის ტაძარი. სვეტიცხოველი სიყვარულის სიმბოლოდ ააშენა არსუკისძემ... თუმცა კი, ამით ხორციელ სიყვარულს განეშორა. ფატი ნაჭყებია

node-view

AddToAny

Share